დონალდ ტრამპი

WSJ: ტრამპა არჩევნების წინ პორნოვარსკვლავს დუმილისთვის $130,000 გადაუხადა

Getty Images

The Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის იურისტმა მაიკლ კოენმა 2016 წლის ოქტომნერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, $130,000 გადაუხადა ყოფილ პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდს, რათა მას მედიასთან არ ესაუბრა ტრამპთან ინტიმური კავშირის შესახებ. 

კლიფორდი, რომლის სასცენო სახელიც Stormy Daniels-ია WSJ-ს ცნობით, ტრამპს 2006 წლის ივლისში, ნევადაში გამართული გოლფის ჩემპიონატის მსვლელობისას შეხვდა, რა დროსაც მათ შორის ინტიმური კავშირი შედგა. ტრამპი ამ დროს ერთი წლის დაოჯახებული იყო.

თეთრი სახლიც და მაიკლ კოენიც Wall Street Journal-თან საუბარში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამავდროულად, მაიკლ კოენმა WSJ-ს გაუგზავნა წერილი, რომელსაც ხელს სტეფანი კლიფორდი აწერს. კლიფორდი წერს, რომ მას ტრამპთან "სექსუალური და/ან რომანტიული კავშირი არასდროს ჰქონია."

"ჭორები, თითქოს ბატონი ტრამპისგან სიჩუმისთვის ფული ავიღე არის სრული სიცრუე", - ნათქვამია წერილში.

მაიკლ კოენი ტრამპის ორგანიზაციაში 2007 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა. კოენმა 2017 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ტრამპის პირად ადვოკატად მუშაობისას ძირითადად "გაფუჭებული საქმეების შემკეთებლად" ("I am the fix-it guy") მუშაობდა.

 

კომენტარები