კულტურული მემკვიდრეობა

კიევის ისტორიული ცენტრი დამახინჯების საფრთხის წინაშე

სოფიას ტაძარი კიევის გამორჩეული ისტორიული და არქიტექტორული ძეგლია. XI საუკუნეში იაროსლავ ბრძენის ბრძანებით აშენებული კომპლექსი პირველი უკრაინული ძეგლია, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

ტაძარს საუკუნეების განმავლობაში არა მხოლოდ რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ის კიევის რუსეთის სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იღებდნენ სხვა ქვეყნების ელჩებს, იწერებოდა ქრონიკები და დაარსდა უკრაინის პირველი ბიბლიოთეკა. იაროსლავ ბრძენის მმართველობის პერიოდი უკრაინაში ხელოვნების, განათლების და კულტურის აყვავების პერიოდია, სოფიას ტაძარი კი ამ ოქროს ხანის გამოხატულება გახდა.

ტაძარმა ქალაქ კიევის იერსახის ჩამოყალიბებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. თუმცა დღეს, აშენებიდან 1000 წლის შემდეგ როგორც ქალაქის იერსახე, ასევე თავად ძეგლი საფრთხის წინაშე დგას.


ფოტო: АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА

სოფია კიევის უძველესი ნაწილის ცენტრში მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიას ბუფერული ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც გულისხმობს, რომ ეს მიწა განსაკუთრებული - კულტურული და ისტორიული მნიშვნელობისაა. ეს უკრაინული კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

კანონი არეგულირებს კიევის ისტორიულ ნაწილში მშენებლობის წესებიც. მაგალითად, არ შეიძლება 23 მეტრზე მაღალი შენობის აშენება. ჰიდროგეოლოგიური პირობების გათვალისწინებით კი კატეგორიულად დაუშვებელია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა. თუმცა, ინვესტორები კანონის ამ მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ.

"აქ მშენებლობა, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა, სასურველია და კანონითაც ასეა განსაზღვრული, რომ შენობა 4 სართულზე მაღალი არ იყოს. სხვანაირად ძველი ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული სახე მახინჯდება, ახალი შენობა უძველესი ტაძრების გარემოსა და სივრცეში იჭრება. კატეგორიულად არ შეიძლება მიწისქვეშა პარნკინგის აშენება, იმიტომ რომ ჰიდროგეოლოგიურად ძალიან რთული ვითარებაა”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА ერთ-ერთი დამფუძნებელი ირინა ნიკიფიროვა.

სოფიას ბუფერული ზონის ყველაზე დიდი პრობლემა გონჩარის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაა, რომელიც 2008 წელს დაწყო და რომელმაც იუნესკოს ექსპერტების მკაცრად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მასიური შენობის 11 სართული უკვე აშენებულია, თუმცა, აქტივისტების აქტიურობის შედეგად, სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა.


ფოტო: АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА

ნიკიფიროვა ყვება, რომ “2009 წელს აქ იკომოსის (ICOMOS) ექსპერტები ჩამოვიდნენ, დაათვალიერეს და თავიდანვე მკაცრი რეკომენდაცია გასცეს, რომლის მიხედვით, აქ მშენებლობა კატეგორიულად არ შეიძლება. ასევე, თქვეს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა, შეიცვალოს პროექტი, შემცირდეს მისი სართულების რაოდენობა და იმის გამო, რომ შენობა ძალიან დიდია, მასშტაბურია, დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რათა ქუჩებზე მოძრაობის პრობლემა არ იყოს, ვინაიდან პროექტი არ პასუხობდა არც ქალაქგეგმარების პროექტს. თუმცა, მათ პროექტი არ შეცვალეს”.

სოფიას არა მხოლოდ სივრცის დამახინჯების, არამედ ფიზიკური დაზიანების საფრთხეც ემუქრება. ამას კომპლექსის დირექტორიც ადასტურებს. ნელია კუკოვალსკა ამბობს, რომ ბუფერულ ზონაში მიწისქვეშა პარკინგებს, რეკომენდაციების მიუხედავად, მაინც აშენებენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. გონჩარის ქუჩაზე მშენებარე შენობას სულაც ორსართულიანი პარკინგი ექნება.

“სოფია გორაზე დგას. თუმცა, თუ მის ირგვლივ მიწისქვეშა პარკინგებს ააშენებ, გრუნტის წყლები, რომლებიც ჩვეულებრივი მდგომარეობაში მდინარე დნეპრში ჩაედინებიან, ამ პარკინგების ირგვლივ დაგუბდება, რადგან გასასვლელი სრულად ჩაეკეტება და წყალი 1-1,5 მეტრით აიწევს. ამან შესაძლოა ტაძრის დანგრევაც გამოიწვიოს”, - ამბობს კუკოვალსკა და სიტუაციის გამოსწორების თავის ხედვას გვიზიარებს:

“საჭიროა სიტუაციის მონიტორინგი, მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობის შეწყვეტა და მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო კომუნიკაციის მოწესრიგება. ხელისუფლებასთან მუშაობასაც ვცდილობთ, მაგრამ მთავრობაში ყველა თავის თავზე ზრუნავს”.

კიევ-პეჩორის ლავრა


ფოტო: АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА

ახალი შენობები ემატება კიევ-პეჩორის ლავრის ბუფერულ ზონასაც, რომელიც ასევე არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

სოფიას მსგავსად, მე-11 საუკუნეში აშენებული ქვაბულთა მონასტერი კიევის კიდევ ერთი გამორჩეული ძეგლია. ლავრას ტერიტორიაც რამდენიმე ტაძარს და შენობას მოიცავს და 20 ჰექტარზეა გადაჭიმული. მას შუა საუკუნეებში არა მხოლოდ სასულიერო, არამედ კულტურული დანიშნულება ჰქონდა. ახლა ლავრას შენობებზე სახელმწიფო მუზეუმის, კიევ-პეჩერორის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდსიქციები ვრცელდება.

პრობლემების მიზეზი - კორუფცია
 

ირინა ნიკიფოროვა ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფიას ბუფერულ ზონაში მშენებლობის ნებართვა 50 შენობაზე გაიცა.

კიევის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ბუფერულ ზონებში მშენებლობის დადგენილი ნორმები დარღვევის, ისტორიული სივრცის დამახინჯებისა და ძეგლების ფიზიკური განადგურების მიზეზი კორუფციაა.

ვინაიდან, ქალაქის ისტორიულ ცენტრში მიწის ფასი მაღალია, აქ ინვესტორებს დახარჯული თანხის “ამოღებასთან” ერთად მაღალი მოგებაც სურთ, ამისთვის კი 4 სართულიანი შენობა საკმარისი არ არის. ირინა ნიკიფიროვას თქმით, “ყოველი სართული მათთვის დამატებითი შემოსავალია” და მიუხედავად მშენებლობის წესების შესახებ არსებული კანონმდებლობისა, “ქრთამების და კორუფციული გარიგებების გამო დეველოპერები მაღალი შენობების აშენების ნებართვას იღებენ. რომ არა კორუფცია, ეს ნებართვები არ გაიცემოდა”.

სოფიას ბუფერულ ზონაში, გონჩარის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა კიევის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის უფროსისთვისაც მიუღებელია, თუმცა ალექსანდერ ეპიფანოვი უკრაინის მთავრობაში კორუფციის არსებობას აღიარებს და ამბობს, რომ ამასთან, ინვესტორებთან ურთიერთობაც რთულია.

“სამინისტრო მუშაობს კორუფციის რისკების აღმოსაფხვრელად, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილებებს ჩინოვნიკები სუბიექტურად, თავიანთი ხედვებიდან გამომდინარე იღებენ. გვინდა, რომ მშენებლობის ყველა ნებართვა გენერალური გეგმის შესაბამისად გაიცეს”.

კიევის გენერალური გეგმა, როგორც კორუფციის ნაწილი
 

კიევს განვითარების გენერალური გეგმა აქვს, რომელიც 2002 წელს არის მიღებული. ის ახალი გენგეგმის დამტკიცებამდე ძალაშია. დოკუმენტის ხელახლა შემუშავება და დამტკიცება უკრაინაში არ იგეგმება, თუმცა 2002 წლის შემდეგ მასში 1000-მდე ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, კიევის ბუფერულ ზონებში გაცემული კონკრეტული ნებართვები კანონიერი ხდება, რაც პრობლემის სასამართლოს გზით მოგვარების საშუალებასაც სპობს.

წმინდა ანდრიას ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია, ე.წ კიევის მონმარტი
 


ფოტო: ტაბულა


ისტორიულ უბანში კიდევ ერთი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობის თავიდან აცილებისთვის კი АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА-მ ორიგინალური გამოსავალი იპოვა. ორგანიზაციამ ულამაზესი ძეგლის,  XII საუკუნით დათარიღებული წმინდა ანდრიას ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის უკანონობა სასამართლოს გზით დაამტკიცა, შემდეგ კი, შემდგომი მშენებლობის პრევენციისთვის მოზაიკით გაფორმებული პარკი მოაწყო. ნამუშევრები მოქანდაკე კონსტანტინ სტრუდეცკის ეკუთვნის.
 


ფოტო: АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА


ფოტო: АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА

თუმცა, 21-ე საუკუნეში, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იზრდება, ცხოვრების რიტმი კი უფრო და უფრო სწრაფი ხდება, ახალი მშენებლობებიც ბუნებრივია. “კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას დრო ართულებს”, - ამბობს კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილი დირექტორი სერგეი კროლევეცი, რომელიც კომპლექსს წლების განმავლობაში ხელძღვანელობდა.

“ეს მხოლოდ კიევში ან კიევ-პეჩორის ლავრაში არ ხდება. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანა საერთო პრობლემას აწყდება - ეს თანამედროვეობასთან ბრძოლაა. ეს ბუნებრივია, დრო იცვლება, სამყარო ვითარდება. უბრალოდ საჭიროა, ძეგლი შენარჩუნდეს, ამისთვის, პირველ რიგში, კანონი უნდა დავიცვათ. უბრალოდ, ჩვენთან ვიღაცები მისით მანიპულირებენენ”.


სტატია მომზადებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ლურჯი ფარის საქართველოს წარმომადგენლობის და სამოქალაქო მოძრაობა АНДРІЇВСЬКО-ПЕЙЗАЖНА ІНІЦІАТИВА-ის პროექტის ფარგლებში. მოძრაობა უინესკოსთან, იკომოსთან, World Heritage Watch-თან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და უკრაინაში არსებლი ვითარების შესახებ ინფორმაციას და ანგარიშს მუდმივად აწვდის.

კომენტარები