სალაძე პანკისის სპეცოპერაციაზე: პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს

facebook.com/sulkhan.saladze

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ხელისუფლებამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. მისივე თქმით, აუცილებელია სწრაფი და ობიექტური გამოძიება.

"ამ პროცესში ხელისუფლებამ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმ ფარგლებში, რაშიც ეს შეიძლება გავრცელებული იყოს. მეორეს მხრივ, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება ქვეყანაში, თუმცა არ უნდა დარჩეს კითხვები, [რომლებზეც] არ იქნება პასუხები. ამიტომ, სწრაფი და ობიექტური გამოძიება არის აუცილებელი პირობა ამ პროცესში. ეს სცილდება მხოლოდ საქართველოს კონტექსტს, მათ შორის იქ საუბარი იყო, რომ ტერაქტები იგეგმებოდა, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. ამიტომ, ამ თემისადმი ინტერესი არის არა მარტო საქართველოში, არამედ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას", - აცხადებს სალაძე.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. 

ის მართვით სუნთქვაზე იყო, სამკურნალოდ თურქეთის ერთერთ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და კლინიკასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თურქეთში გადაყვანას მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრების თქმით კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ისინი ამბობენ, რომ სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი თქმით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

გარდა ამისა, გუშინ, 9 იანვარს უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანალოგიური ბრალდებით, ახმეტაში კიდევ ერთი პირი, ზურაბ იდოიძე დააკავეს.

კომენტარები