ფინანსები

გვენეტაძე: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი III კვარტალში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2017 წლის ერთ-ერთ უმთავრეს ეკონომიკურ მიღწევად, 2017 წლის მესამე კვარტალში არსებულ დაბალ დეფიციტის მაჩვენებელს ასახელებს. სებ-ის ინფორმაციით, 2017 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.9% შეადგინა, რაც სხვა კვარტლების საშუალო მაჩვენებელთან, ანუ - 8-9%-თან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 2017 წლის მესამე კვარტალში რეკორდულად გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადმა და გაზრდილმა ფულადმა გზავნილებმა გამოიწვია.

"ერთ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელმაც 2017 წლის მესამე კვარტალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს - მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს მიაღწია. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის მერე ეს მაჩვენებელი საშუალოდ 8% იყო, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ამ მაჩვენებელს წმინდა საპროცენტო ხარჯებს გამოვაკლებთ, და ე.წ. პირველად მიმდინარე ანგარიშს შევხედავთ, ეს პარამეტრი პროფიციტული იქნება.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეს შემცირება განპირობებული იყო 2017 წელს როგორც საქონლის, ასევე, განსაკუთრებით, მომსახურების (ტურიზმის) ექსპორტის ზრდით. ეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გამოჯანსაღების შედეგი იყო.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, რაც, ერთდროულად, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს. ამ პარამეტრს, ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ უცხოელი ინვესტორებიც ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს მიმზიდველობის შეფასებისას. ამდენად, მისი დაბალი დონე ამ მხრივაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - საკუთარ facebook-ში წერს გვენეტაძე.

ამ დროისთვის ეროვნულ ბანკს მხოლოდ 1-3 კვარტლების საგადასხდელო ბალანსი აქვს დათვლილი. ლარის მკვეთრი გაუფასურება კი ძირითადად გასული წლის მეოთხე კვარტალში მოხდა, შესაბამისად ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები თუ რას უკავშირდებოდა აღნიშნული გაუფასურება.

კომენტარები