დაპირისპირება ეკლესიაში

დეკანოზი დავითი: არ მოუსმინოთ მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებებს, არ დაუჯეროთ!

დეკანოზი დავით ლასურაშვილი

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან დაკავშირებული საეკლესიო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, დეკანოზი დავით ლასურაშვილი დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ამჯერად საეკლესიო კალენდრის საკითხზე დაუპირისპირდა. ამბიონიდან წარმოთქმულ ქადაგებაში, ლასურაშვილი გიგნაძეს ეკლესიაში შფოთის შემომტანად მოიხსენიებს. მისი თქმით, დეკანოზ გიგნაძის მღვდლობის საკითხი კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსებთანაც დააყენა, თუმცა, რეაგირებამ დაიგვიანა.

"არაერთი ეკლესიის სწავლებისგან განწვალებული აზრი მოვისმინეთ მისგან, მათ შორის, დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით, ხან უნათლავად გარდაცვლილი ადამიანების ცხონებაზე საუბრობდა, რომ მათ აქვთ შანსი ცხონებისა, ხან იმას საუბრობდა, რომ პირველქმნილმა ცოდვამ დააზიანა მხოლოდ მისი ჩამდენი და შენზე და ჩემზე არ არის გადმოსული ეს ცოდვაო, ანუ პელაგისა და ცელესტის ცრუსწავლების მიმდევრად წარმოაჩინა საკუთარი თავი, და ა.შ და ა.შ", - ამბობს ქადაგებაში დეკანოზი ლასურაშვილი.

თეოდორე გიგნაძეს მმკ-ის აქტიური წევრი ტერმინოლოგიასაც უწუნებს და ამბობს, რომ მისი გამონათქვამები "ფილოსოფოსობას უფრო დაემსგავსა, ვიდრე ქადაგებას".

"ვისთან წაიკითხა ბატონმა მამაომ, რომ ასე შეიძლება თქვა „მე რომ ღმერთი ვიყო, ამას ასე გავაკეთებდი ან ასე არ გავაკეთებდი, ამას ვაცხოვნებდი, იმას არ ვაცხოვნებდი“ - მე პირდაპირ მოგიწოდებთ, რომ ამ ადამიანს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს არ მოუსმინოთ, მის ქადაგებებს არ მოუსმინოთ, მის ნასაუბრალს არ დაუჯეროთ", - ამბობს დეკანოზი ლასურაშვილი.

ლასურაშვილის ქადაგებას facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მხარდამჭერი, დეკანოზი ლევან მათეშვილი:

"დაიწყო ახალი წელი და დაიწყო ახალი განსაცდელები! დაიწყო ახალი სეზონი სიძულვილის, მტრების ძიების, განკითხვის, უვიცობის ტირაჟირების, უცვლელად კვლავ სარწმუნოების "დაცვის", "ქრისტე დაცვის". კვლავ აღმოიქოქა ეკლესიის მტრების ძიების ყოვლადშემმუსვრელი მწვალებელმაძიებელი აგრეგატი თითქმის ერთი წელი მიყუჩებული რიგი მიზეზების გამო! ამ აგრეგატზე კი ექსკლუზიური აქციების 100% ეკუთვნის ქრისტეს "ჭეშმარიტ" რაინდებს, პირუთვნელ ცენზორებს, მართლმკვეთელ ჟანდარმებს, რომლებიც იცავენ ქრისტეს და მის ეკლესიას ქრისტიანთაგან!

მარტო თავისთვის უნდათ, მაგრამ დავუშვათ და ისმინა უფალმა მათი ვედრება და ეკლესიაში მარტო ამგვარი "რჩეულნი" დარჩნენ, მაშინ რაღა ეშველებათ? რა უნდა აკეთონ? ვინღა უნდა ამხილონ? ვინღა უნდა შერაცხონ მტრად? რა ეშველება მათ ერთობას? რა ოხრად დარჩებათ მწვალებელმაძიებელი აგრეგატი? პირდაპირ ტრაგედია შესაძლოა დატრიალდეს. გასაგებია, რომ მათი ერთობა სიყვარულზე არაა დაფუძნებული. ასე რომ იყოს მაშინ მოსაქცევ სამკალს (რაც ეკლესიის მისიაა) სიხარულს არ აუკრძალავდა (ახალ წელს, ნაძვის ხეს), თუნდაც რომ უაზროს, ქართველობის დაცვის, მეტრადიციულობის ნიღაბით აღჭურვილნი არ შერაცხავდნენ ქართულ უნიკალურ ცეკვას როკვად და შესაბამისად ცოდვად. არ გამოუცხადებდნენ ქართულ პოლიფონიურ გალობას და ამით როგორც კულტურას ასევე ეკლესიას ბრძოლას! მათი ერთობა ნაზავი და პროდუქტია გაუნათლებლობის და სიძულვილის, დამთესავი შუღლის და განყოფის. ეკლესიაში აქამომდე არგაგონილი ურთიერთობის სტანდარტის შემომტანნი ანუ მოდერნის და სხვათა მოდერნისტად მომნათვლელნი! საქართველოში ქრისტეს ეკლესია თუ ვინმეს აღარ უნდა ამ აგრეგატის ჭეშმარიტი მფლობელების ღირსეული დამსახურებაა.

"რჩეულნო" ნუთუ რამე გარანტირებული გაქვთ? ნუთუ სამოთხის ვიზები გაქვთ უკვე ჩარტყმული თუ თქვენზე ექსკლუზიურად მოქმედებს ვიზალიბერალიზაცია? რწმენაში " სრულყოფილნო" ნუთუ აღარაფერი გაქვთ სასწავლი ან დასაძლევი , ან იქნებ დაცემულ ბუნებაზე გამარჯვება უკვე მოიპოვეთ? და თუ ასე არაა შეიცანით საკუთარი თავი და იქნებ აღმოაჩინოთ რომ მკურნალი (ანუ ქრისტე) გჭირდებათ და ამ საჭიროებისთვის იქნებ ქრისტესთვისაც მოკვდეთ, მაგრამ
ქრისტეს სახელით ნუ კლავთ სხვას!", - წერს მათეშვილი.


 

კომენტარები