დღეს გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა მაჩალიკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ

reginfo,ge

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, დღეს დღის განმავლობაში კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, თემირლან მაჩალიკაშვილს საზღვარგარეთ გადაიყვანენ თუ სხვა კლინიკაში. 

პანკისის სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრილი 19 წლის მაჩალიკაშვილი ახლა მიქაელის საავადმყოფოში იმყოფება. ის თავდაპირველად თელავის კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. განიხილება მაჩალიკაშვილის თურქეთში ან გერმანიაში გადაყვანა, თუმცა, სერგეენკო ადგილობრივ ექიმებთან და მოწვეულ ნეიროქირურგთან ერთად მსჯელობს, რამდენად უსაფრთხო იქნება დაჭრილისთვის მგზავრობა, 

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბრის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

“დღეს ჩატარდა მორიგი კონსილიუმი. მოწვეულმა ნეიროქირურგმა ჩაატარა კონსულტაცია. ნეიროქირურგიული ჩარევის დროს რაც უნდა გაკეთებულიყო, გაკეთებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა არის რეანიმაციულ მოვლაზე, რომ პოტენციური გართულებები იყოს თავიდან აცილებული. შუადღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში”, - თქვა დავით სერგეენკომ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები