ტექდათვალიერება

მანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი - 1484 ამოქმედდა

ეკონომიკის სამინისტრო

დღეიდან, 2018 წლის 3 იანვრიდან ცხელი ხაზი - 1484 ამოქმედდება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს მოემსახურება. 

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

2018 წლის 1 იანვრიდან 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდა.

შემდეგ ეტაპზე ტექნიკურ დათვალიერებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყოველწლიური ტესტირების გავლა ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო იქნება. 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი. 

უწყების ცნობით, გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის, ასევე თავიდან იქნას აცილებული რიგების წარმოქმნის რისკები.

ცხელ ხაზზე 1484 დარეკვა შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან, მხოლოდ ცხელი ხაზის ნომრის - 1484 აკრეფით. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში

ტექდათვალიერების ტექნიკური რეგლამენტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ

კომენტარები