საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: უაქციზო ალკოჰოლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 4 ფაქტი გამოვავლინეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ბრალდებით 4 პირი პასუხისგებაში მისცეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახის უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 265 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი - "Hennesy XO", "CHIVAS REGAL", "BELUGA", "NEFT", "FINLANDIA". ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის ღირებულება 14 000 ლარს აღემატება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები