"ვიღაცა უნდა გაიწიროს, აი რა ხდება" - დაკავებულის ოჯახი სუს-ს არ ენდობა

პირველი არხი

პანკისში დაკავებული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

"აკავშირებენ იმიტომ, რომ სად რა ხდება, მაგის შნო, მაგის ძალა, მაგის ენერგია თქვენს მთავრობას არ გააჩნია. ვიღაცა უნდა გაიწიროს, აი რა ხდება. საერთოდ მაგის [ახმედ ჩატაევი] ხსენებაც არ მინდა, არც ვიცნობდი, არც არანაირი კონტაქტი მქონია. ჯერ ჩემს შვილს მივხედავ, რა მდგომარეობა იქნება, ან ალაჰს მივაბარებ, ან გამოჯანმრთელდება და მერე გავაკეთებ რაც იქნება საჭირო", - აცხადებს დაკავებულის მამა რ2-თან.

ექიმების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზეა.

"დღეს დილით, ახმეტის ჰოსპიტალიდან თელავის რეფერალურ კლინიკაში გადმოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი. აღენიშნება ქალა ტვინის შემავალი ჭრილობა. პაციენტი ამ ეტაპისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მიმდინარეობს მისი მომზადება ოპერაციისთვის. ხდება სასიცოცხლო მაჩვენებლების დასტაბილურება. დღეს, დღის განმავლობაში ჩატარდება ქირურგიული ჩარევა ნეიროქირურგის მიერ, ასევე, პაციენტისთვის საჭირო ყველა სახის ინტერვენცია", - ამბობს ექიმი რუსთავი 2-თან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. უწყება მათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრების ხელშეწყობას ედავება.

სუს-ში აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწერვა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.

"თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დღეს დაკავებულმა 5-მა პირმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. გარდა ამისა, სუს-ი განცხადებით, მათვე, უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანას, ასევე, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, სუს-ში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ვინაობა გაასაჯაროეს. მათი ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. რაც შეეხება ლიკვიდირებულებს, უწყების ცნობით, ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

21-22 ნოემბერს, თბილისში სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსენეს. სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი.

სპეცოპერაციის შესახებ წაიკითხეთ: კონტრტერორისტული ოპერაციიდან 1 კვირა გავიდა - რა ვიცით და რა არ ვიცით

ახმედ ჩატაევის შესახებ წაიკითხეთ: ვინ არის ახმედ ჩატაევი, რომელიც ერთერთი ვერსიით, 22 ნოემბრის სპეცოპერაციისას მოკლეს

კომენტარები