ტექდათვალიერება

ეკონომიკის სამინისტროში ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი - 1484 ამოქმედდა

Bayram Isgandarov / newscafe.ge

2018 წლის 3 იანვრიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ინიციატივით, ცხელი ხაზი - 1484 ამოქმედდება, რომელიც
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს
მოემსახურება.

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას
გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები,
შემდეგ ეტაპზე - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი
ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების
მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის
საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.

გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის)
მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე
თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.

ცხელ ხაზზე "1484" დარეკვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცხელი ხაზის ნომრის - 1484 აკრეფით. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ
დაჯავშნაში. 

გაიგეთ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რათა ტექდათვალიერება გაიაროთ.

კომენტარები