სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
"ლ.ს.-ს და გ.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.





