ვანო მერაბიშვილი საქმე

ევროპარლამენტარები: მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ვანო მერაბიშვილი

Reuters

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი. მათი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს. წერილს ხელს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერიც აწერს.

სრულად გთავაზობთ გიორგი მარგველაშვილისადმი, გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძისადმი ესტონელი პარლამენტარების მიმართვას:

"ჩვენ, ქვემორე ხელისმომსწერნი ევროპის პარლამენტის წევრები, საქართველოს, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მისი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერები ვართ. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ დიდი გზა განვლო. დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო მოიაზრება როგორც ყველაზე განვითარებული დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მას ჰყავს ძლიერი პრო-დასავლური ოპოზიცია და მთავრობის კონტროლისაგან თავისუფალი მედია.

იმისათვის, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო დადგენილებას ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის მიხედვითაც მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-18 მუხლი მისი "ფარული მიზნით" და "ფარული მოტივებით" დაკავების გამო. დღევანდელ გამოწვევებით სავსე საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესებშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს მომავალზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბატონი მერაბიშვილი.

პარლამენტის როლი, და განსაკუთრებით აღმასრულებლის საპარლამენტო კრიტიკა ყველა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერმინისტრი და მინისტრები არ უნდა ცდილობდნენ თავი აარიდონ საპარლამენტო კრიტიკას. ოპოზიციას, მათ შორის მათ კონკურენტუნარიანობას და მხარდაჭერის მოზიდვის უნარს, უნდა მოეპყრან ისეთი სტანდარტებით, როგორსაც საქართველო ესწრაფვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო, რომელიც მის მოქალაქეებს სთავაზობს განსხვავებულ ხედვებს. ჩვენ ვაკვირდებოდით რუსთავი 2-ის, ქვეყნის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხის, მფლობელის შეცვლის მცდელობებს, და ვინიშნავდით იმ შეშფოთებებს, რაც გამოხატეს დამკვირვებლებმა, როგორებიც არიან ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენლებმა.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს და მისი დემოკრატიული და ევროპული მომავლის აქტიურ მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხიმსგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდება, აკისრიათ პირველ რიგში მათ, ვინც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია."

წერილის ხელმომწერები არიან: პეტრ აუსტერევიჩუსი, ივან სტევანეჩი, იარომირ შტეტინა, დევიდ მაკალისტერი, ზიგიმანტას ბალჩიტისი, სანდრა კალნიეტე, ანა ელსაბედ ფოტიგა, ფარია ხოსე ინასიო და ჰილდე ვაუტმანსი.

დღესვე საქართველომ მსგავსი შინაარისის წერილი პოლონეთის პარლამენტიდანაც მიიღო. პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი "იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდება." 11 დეკემბერს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით წერილი ასევე მიიღეს ესტონეთის პარლამენტისგანაც.

ადამიანის უფლებათა სასამართლომ დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

კომენტარები