ვანო მერაბიშვილი საქმე

კახიძე წულუკიანს: ევროსასამართლომ საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, განსახილველად მიიღო

facebook.com/oto.kakhidze

ვანო მერაბიშვილის ავოკატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სარჩელი დააკმაყოფილა, ტყუილია. კახიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მთავრობის საჩივარი მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო.

"მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგს იმის შესახებ, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მთავრობის საჩივარი ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ჩვენ მოვუგეთ ექსტრადირების ყველა პროცესი, ინტერპოლის ყველა დავა და ვანო მერაბიშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში. ანალოგიურად დავამარცხებთ დიდ პალატაშიც, რომლის გადაყვეტილებასაც კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. სტრასბურგის სასამართლო აგრეთვე განიხილავს ჩემ აპლიკაციას გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ასევე დავამარცხებთ ხელისუფლებას. ჩვენი ბრძოლა არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - წერს კახიძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე.

დღეს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სარჩელი დააკმაყოფილა.

"ჩვენ დღეს სტრასბურგის სასამართლოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში, ის მიექცევა აღსასრულებლად და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატში ამ საქმის განხილვა დაიწყება თავიდან", - თქვა წულუკიანმა.

14 ივნისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.

კომენტარები