ვანო მერაბიშვილის საქმე

პოლონელი დეპუტატები მთავრობას: პატივი ეცით მერაბიშვილზე ევროსასამართლოს ვერდიქტს

Getty

პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მთავრობას ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. კომიტეტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში წერია:

"საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეხმაურება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენსაც - "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ". კომიტეტი გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივისცემით მოეკიდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის იმ სულისკვეთებით იმოქმედებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია განსაზღვრული."

ევროსასამართლოს ვერდიქტის დაუყოვნებლივ აღსრულებისკენ 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტს ესტონელმა დეპუტატებმაც მოუწოდეს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივებისა და ოპონენტების დევნისთვის გამოიყენა, შეუთავსებელია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ სწრაფვასთან. მათ განცხადებაში წერია:

"ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით საქართველომ მერაბიშვილის დაკავება და პატიმრობა გამოიყენა “უკანონოდ, მასზე ზეწოლის მოსახდენად“, უმთავრესად „ფარული მიზნით, რომელიც არ არის გათვალისწინებული კონვენციით“. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისათვის და ოპონენტების ჩასახშობად გამოიყენა.

ეს არ არის თავსებადი ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისაკენ პროგრესისათვის. კანონის უზენაესობა არის ევროპული ცხოვრების წესის ერთერთი ფუნდამენტი.შესაბამისად, ჩვენ მეგობრულად, მაგრამ მთელი სერიოზულობით მოგიწოდებთ ივანე მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ, ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების ნიშნად, რასაც ჩვენ ყველა უნდა ვიცავდეთ და ვუვლიდეთ".

ადამიანის უფლებათა სასამართლომ დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

კომენტარები