13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა მკვეთრად გამყარდა. დოლართან მიმართებით ლარი 4.9 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ახალი კურსი 2.577 გახდა, ევროსთან მიმართებით კი გამყარებამ 6.4 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ახალი კურსი 3.02-მდე შემცირდა.
დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები, რომლის მიხედვითაც იმპორტმა $757.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. ექსპორტი კი $236.7 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია.
ნოემბერში გაზრდილი იმპორტის შედეგად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის) $521 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. ნოემბერში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გაზრდილი სავაჭრო დეფიციტიც იყო, თუმცა ლარის კურსზე მოქმედი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ მოიპოვება, ესენია: ინვესტიციები, ტურიზმი (მათ შორის შემომსვლელი და საქართველოდან გამსვლელი) და ფულადი გზავნილები.
2017 წლის 11 თვეში ექსპორტი $2.4 მილიარდი დოლარი იყო (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $7.1 მილიარდი დოლარი (8.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში $4.7 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.





