ლარი

რომელი ბანკნოტია საქართველოში ყველაზე გავრცელებული

ტაბულა

საქართველოს ეკონომიკის ნაღდი ფულით მომარაგებაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ისევე როგორც სხვა პროდუქტებზე, ნაღდი ფულის ბანკნოტებზეც განსხვავებული მოთხოვნაა და ის წლების განმავლობაში იცვლება. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს 11.9%-ით გაიზარდა მოთხოვნა მაღალი ნომინალის - 50, 100 და 200 ლარის ბანკნოტებზე. ხოლო 10-ლარიანებზე კი მოთხოვნა 4.7%-ით დაეცა. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბრუნვაში არსებული ბანკნონეტბის საერთო რაოდენობამ 75.1 მილიონი შეადგინა, მათი კრებითი ღირებულება კი 3,209,439,000 ლარი იყო. რაც შეეხება მონეტებს, მათი საერთო ღირებულება 99 მილიონი ლარია.

მიმოქცევაში არსებული 75 მილიონი ბანკნოტის გადანაწილება ასე გამოიყურება

  • 5 ლარი - ბანკნოტების საერთო რაოდენობა 17.8 მილიონი ერთეული. საერთო ღირებულება 89.3 მილიონი ლარი, რაც ბრუნვაში არსებული ლარების მთლიანი ღირებულების 2.7%-ია;

  • 10 ლარი - ბანკნოტების საერთო რაოდენობა 8.6 მილიონი ერთეული. საერთო ღირებულება 86 მილიონი ლარი, რაც ბრუნვაში არსებული ლარების მთლიანი ღირებულების 2.6%-ია;
  • 20 ლარი - ბანკნოტების საერთო რაოდენობა 16,5 მილიონი ერთეული. საერთო ღირებულება 330 მილიონი ლარი, რაც ბრუნვაში არსებული ლარების მთლიანი ღირებულების 10%-ია;
  • 50 ლარი - ბანკნოტების საერთო რაოდენობა 11.6 მილიონი ერთეული. საერთო ღირებულება 582 მილიონი ლარი, რაც ბრუნვაში არსებული ლარების მთლიანი ღირებულების 17.6%-ია;
  • 100 ლარი - ბანკნოტების საერთო რაოდენობა 19.7 მილიონი ერთეული. საერთო ღირებულება 1.97 მილიარდი ლარი, რაც ბრუნვაში არსებული ლარების მთლიანი ღირებულების 59.6%-ია;
  • 200 ლარი - ბანკნოტების საერთო რაოდენობა 744 ათასი ერთეული. საერთო ღირებულება 148.8 მილიონი ლარი, რაც ბრუნვაში არსებული ლარების მთლიანი ღირებულების 4.5%-ია.

2019 წლიდან ეროვნული ბანკი 1 და 2 თეთრიანი მონეტების ემისიას შეაჩერებს. ამის მიზეზად სებ-ი მოსახლეობისთვის ამ მონეტების არაპრატქიკულობას და მათი დამზადებისა და შენახვის მაღალ ხარჯებს ასახელებს.

  • 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 2.1 თეთრს;
  • 2 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 3.3 თეთრს.

სებ-ს საქართველოს ეკონომიკის 1 თეთრიანებით მომარაგება ყოველწლიურად - 260 000 ლარი უჯდება. ხოლო 2 თეთრიანებით მომარაგების ხარჯი კი - 100 000 ლარი. 

"1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა,"- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ქვეყნების სია, რომლებმაც ყველაზე დაბალი ნომინალის მონეტების ემისია მათი არაპრაქტიკულობიდან გამომდინარე შეწყვიტეს:

  • ახალი ზელანდია
  • ავსტრალია
  • სინგაპური
  • ფინეთი
  • შვეიცარია
  • დანია
  • ჩეხეთი
  • უნგრეთი
  • ისრაელი
  • ჰოლანდია

ასევე წაიკითხეთ: რატომ არ წყვეტს აშშ 1-ცენტიანი მონეტების მოჭრას იმის მიუხედავად, რომ თითოეული მონეტის დამზადება 1.5 ცენტი ჯდება 

კომენტარები