გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი გაჩეჩილაძეზე: თუ დადასტურება, რომ მთავრობა შეცდა, თანამდებობას დავტოვებ

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ თუ გია გაჩეჩილაძემ დაუსაბუთებელი შეურაცხყოფა მიაყენა და ტენდერების დროს კანონი ზედმიწევნით იყო დაცული. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაჩეჩილაძეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და თუ მთავრობის შეცდომა დადასტურდება, პრემიერმინისტრის პოსტს დატოვებს, წინააღდმეგ შემთხვევაში კი გაჩეჩილაძემ ბოდიში მოიხადოს.

"მისგან ასე დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფლად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, რა თქმა უნდა მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ დღეს გააჩნია, არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან, სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორე, ის რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული. კონკურენციის სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს, მთავრობის ხელმღღვანელი, მიმართოს სასამართლოს, თუ სასამრთლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევაც ჩემი თანამდებობა. თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც", - აცხადებს კვირიკაშვილი.

გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გუშინ, 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ტენდერებს ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. მან პრესკონფერენცია "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად გამართა, რომლის მფლობელი გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძეა. კომპანიის წარმომადგენლებმა სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე ისაუბრეს. პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ "სიტროენ ჯორჯია" კონკურენციის სააგენტოს მიმართავს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და სასწრაფო დახმარების მანქანებთან დაკავშირებული ტენდერიც იქნება.

"მე იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ მას SMS-თაც კი მივწერე, რომ ძალიან დიდი უსამართლობა ხდება ამ სახელმწიფო შესყიდვებში მეთქი და მეორე დღეს შევხვდი მის თანაშემწეს და მან მითხრა, რომ მიმემართა სასამართლოსთვის. აი, აქ მივხვდი, თუ რამდენად სახლმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია ის. სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მით უმეტს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრონციპში, დღეს აღარ არის წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება, და სარგებლობენ პრემიერმინისტრის ხასიათით, წესიერებით, ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს. როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტს მიმდგარები და წოვენ სისხლს მერამდენე წელია. უნდათ გასვარონ გიორგის პატიოსნება და ღირსეული ადამიანის სახელი, ამას მე პირადად არავის არ შევარჩენ", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე განცხადებით, პრემიერმინისტრისთვის დახმარება არ უთხოვია.

"შეეძლო ჩარეულიყო და მაგიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია. არც მითხოვია, რომ დამხმარებოდა", - ამბობს "უცნობი".

გაჩეჩილაძის განცხადებებს 12 დეკემბერსვე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმინისტრის თქმით,"ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება".

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ყველა პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინასწარ გამიზნულად, ვინმეს მხარდასაჭერად ან - საწინააღმდეგოდ. ჩემთვის ადამიანურად ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ადამიანისგან, რომელსაც წლებია ვიცნობ",- უთხრა პრემიერმა 1tv.ge-ს.

ამას მოჰყვა "უცნობის" ინტერვიუ "რეაქციაში", სადაც მან თქვა, რომ კვირიკაშვილზე "სუფთა და კრისტალური ადამიანი არ არსებობს" და გარიგებები მის ზურგს უკან ხდება. გაჩეჩლაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ცალმხრივი მეგობრობა" არ იცის.

"ლამის გული გამისკდა, სანამ აქ მოვიდოდი და განცხადებებს გავაკეთებდი. ასე მარტივად კი არ მომხდარა ეს ამბავი. მეგობრობა ცალმხრივი არ ვიცი, სიყვარული ვიცი. რადგან ვთქვი, რომ კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია და ძმაკაცია, ამიტომ მორჩა, საერთოდ აღარაფერი უნდა აკეთოს ჩემმა საგვარეულომ საქართველოში? ჩემი ბრალია, შეიძლება არ უნდა მეთქვა, რომ ის ჩემი მეგობარია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ვგიჟდები, მაგაზე სუფთა და კრისტალური ადამიანი არ არსებობს. და იმ გოგომაც მაგის თანაშემწემაც რომ მითხრა, რომ სასამართლოს გზით წავსულიყავი, გამიხარდა, იმიტომ რომ იმ მომნტში ვერაფრით დამეხმარებოდა და არც მითხოვია, იმიტომ რომ დააბრალდებდნენ, ძმაკაცს დაეხმარაო", - თქვა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელზეც "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლები მიუთითებენ, ქონებრივ დეკლარაციაში 20-ზე მეტი კომპანია აქვს დაფიქსირებული, რომლებშიც წილებს დღემდე ფლობს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ.

ტაბულამ 2015 წლის მაისიდან დღემდე ხეჩიკაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სატენდერო საქმიანობა გადაამოწმა, საიდანაც ირკვევა, რომ მინისტრის კომპანიებისგან სხვადასხვა უწყებებმა 493 ავტომობილი შეისყიდეს. ამ ტენდერების საერთო ღირებულება 22.9 მილიონი ლარია. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ ხეჩიკაშვილის შემდეგი კომპანიები: იბერია ავტო ცენტრი, იბერია ავტო, კია მოტორს ჯორჯია და კავკასუს მოტორსი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ტელეკომპანია "მაესტროს" მესაკუთრეებს შორის დაპირისპირების დროს, საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, გია გაჩეჩილაძემ თქვა, რომ პრემიერმინისტრს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია და "ორ დღეში ერთხელ" ხვდება.

კომენტარები