გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას

Reuters

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.

პირველი არხის ცნობით, ექსპრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.

თუმცა, თავად არ სურს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერა.

"მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას უბრალო მიზეზის გამო არ ვაპირებ, მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით. დღეს, პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნებიც კი გაჩნდეს", - თქვა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის 13 ივნისს, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების შემდეგ გადადგა და მუშაობა EBRD-ში გააგრძელა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მან რამდენჯერმე გააკეთა პოლიტიკური განცხადება, მათ შორის, თქვა, რომ არ მუშაობს პოლიტიკური ინსტიტუტები და ივანიშვილს გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს, ასევე, განაცხადა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებების დნმ დასავლური არ არის, ბოლოს კი გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯა შეაფასა, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.

კომენტარები