მიხეილ სააკაშვილის საქმე

უკრაინის პროკურატურა სააკაშვილზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Reuters

უკრაინის პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა. 

ლუცენკო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება წარადგინა იმისთვის, რომ სააკაშვილისთვის შიდაპატიმრობა შეეფარდებინათ. 

"მე არ ვეთანხმები მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბატონი სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ვერ წარმომიდგენია, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანმა მოქალაქეობის გარეშე ძალით გადმოკვეთოს საზღვარი,"- აცხადებს ლუცენკო.

გუშინ, 11 დეკემბერს უკრაინის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობას ითხოვდა. სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბრალდების მხარეს ხუთი დღის მანძილზე შეეძლება მისი გასაჩივრება.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება.

კომენტარები