მიხეილ სააკაშვილის საქმე

ლუცენკო: 1 კვირაა ჩემზე ზეწოლაა, რომ თვალი დავხუჭო იმაზე, რასაც სააკაშვილი აკეთებს

fb.com

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. 

"ვფიქრობ, რომ ახლა საქმე გვაქვს ამ ამბის განსაკუთრებულ პოლიტიზირებასთან. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩემზე კოლოსალური ზეწოლაა, რომ თვალი დავხუჭო იმაზე, რის უფლებასაც აძლევს საკუთარ თავს მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი,"- ამბობს ლუცენკო. 

ამასთან, ლუცენკო აცხადებს, რომ ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა "ФСБ-სა და იანუკოვიჩის ხელისუფლებისგან", ნგრევისთვისაა განწირული. 

"მე დავიცავ საკუთარ ხელისუფლებას მაშინაც კი, თუ საქმე სააკაშვილს ეხება, რომელთანაც ბევრწლიანი საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. მან წითელი ზღვარი გადალახა. არავის, ვისაც უკრაინა უყვარს, არ აქვს უფლება, აიღოს იანუკოვიჩის ფული ხელისუფლების დასამხობად,"- ამბობს ის.

უკრაინის გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ თუკი სააკაშვილი უდანაშაულოა, ის სამართალდამცავებთან ითანამშრომლებდა.

გუშინ, 11 დეკემბერს უკრაინის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობას ითხოვდა. სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბრალდების მხარეს ხუთი დღის მანძილზე შეეძლება მისი გასაჩივრება.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება.

კომენტარები