ქრთამის აღება

თბილისის ვიცემერი: მერიის სისტემაში დანაშაულს და კორუფციის ფაქტებს არ დავუშვებთ

თბილისის მერია

"დედაქალაქის მთავრობა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებისა და კორუფციის ფაქტებს არ დაუშვებს" - მერიაში, დღეს სუს-ის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურებიან. განცხადება ამის შესახებ ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მთავრობა დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს. მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, ზომები გატარდება." - თქვა ირაკლი ხმალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დღეს დააკავა. დაკავებული კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტია. სუს-ის ინფორმაციით დაკავებულმა მოქალაქეს, სამხედრო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ 1000 ლარი მოთხოვა. 

კომენტარები