ისრაელი-პალესტინა

საგარეო: მხარს ვუჭერთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას

kvira.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.  

"ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე, ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან" - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რასაც ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანა მოჰყვება. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოფიციალურად ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ღაზას სექტორში პალესტინელებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ტრამპის სურათები დაწვეს.

ღაზას სექტორში პალესტინელთა საპროტესტო აქციებზე ამ დროისათვის 31 ადამიანია დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, 11 მათგანს ტყვია აქვს მოხვედრილი, ხოლო ოცს - რეზინის ტყვია. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომიტინგეთა ნაწილმა ჯარისკაცებს ქვები დაუშინა. ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი უგუნურ ტრამპს!"

კომენტარები