საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ე.წ პოლიტპატიმრის ზვიად შინჯიკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას ითხოვს. პროკურატურის განცხადებით, შინჯიკაშვილი ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრი იყო და 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. უწყების მტკიცებით, სწორედ პოლიტიკური აქტიურობის გამო, სამართალდამცავებმა ზვიად შინჯიკაშვილის დაკავება დაგეგმეს.
"2011 წლის 06 სექტემბერს, გურჯაანში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ზვიად შინჯიკაშვილი პირად საქმეზე მიდიოდა, მასთან მოულოდნელად მივიდნენ შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს. ადგილზე მისულს კი განუცხადეს, რომ იგი იყო დაკავებული ხულიგნობის ბრალდებით - ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტისთვის, რომელსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით, მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით დაკითხეს გამოგონილი ინციდენტის ე.წ. თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც პოლიციელების ზეწოლის შედეგად გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.
ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული ზვიად შინჯიკაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა და მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. პოლიტიკური ნიშნით დაკავებულმა ზვიად შინჯიკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა" - აცხადებს პროკურატურა.
საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ზვიად შინჯიკაშვილის დაკავების შემსწრე ახალი მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ მის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
"ამის გამო, პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





