სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

პრეზიდენტი ხელისუფლებას: შეაფასეთ რისკები, არ გინდათ მიამიტური სათვალით ყურება

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს იყო ხელისუფლებისთვის პასუხი, "იმ მიამიტურ განწყობაზე, რომელიც მათ ჰქონდათ". 

ამასთან, მისივე თქმით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ამ ყველაფერს პოლიტიკური შინაარსი აქვს. 

"დასრულდა ოპერაცია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ, ჯანმრთელია პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაბამის დასკვნებს აკეთებს. ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაცა კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში და საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიული (ოპერატიულის ნაწილში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო), რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომლებიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ, ამ მიამიტურ განცდებს, რომლებსაც არ ვიცი, რა საფუძველი გააჩნია, ძალიან ნათელი პასუხი გაეცა,"- თქვა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, სწორად შეაფასონ რეალობა. 

"არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება, შეაფასეთ, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას,"- თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა, ასევე, მწუხარება გამოთქვა სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახის მიმართა და დაჭრილ სპეცრაზმელებს გამოჯანმრთელება უსურვა. მარგველაშვილმა მათ გმირები უწოდა. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა შედეგებით დასრულდა სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები