სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ქარტია: მედიას აქვს ვალდებულება, დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ქმედებები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით სამართალდამცავებმა პერიმეტრი ისე უნდა დაიცვან, რომ ინფორმაცია სპეცრაზმელებისა და ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით არ გასაჯაროვდეს. პარალელურად, ეთიკის ქარტია ჟურნალისტებს თავის მოვალეობას ახსენებს.

„სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება, დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს.“ - ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს „დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეთა „ტერორისტებად“ მოხსენიებასაც“ და მათი ეროვნების შესახებ გამოთქმულ ვარაუდებსაც.

„ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას.“ - წერია განცხადებაში.

ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ მედია თვითმხილველი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ფოტო-ვიდეო კადრების გამოყენებასაც ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს.

სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. სადარბაზოდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა გუშინ ღამით გამოიყვანეს.

კომენტარები