ლიბანი

ლიბანის პრემიერმინისტრმა თანამდებობის დატოვება გადადო

Reuters

ლიბანის პრემიერმინისტრი, საად ჰარირი ლიბანის პრეზიდენტს, მიშელ აუნს შეხვდა. მათ ჰარირის გადადგომის განცხადებაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც ჰარირიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის თხოვნით თანამდებობის დატოვებას გადადებს, რათა დიალოგის მეტი საშუალება მიეცეთ.

"მე წარვუდგინე დღეს პრეზიდენტ აუნს განცხადება ჩემი გადადგომის თაობაზე და მან მთხოვა მომეცადა და გვქონოდა მეტი დიალოგი მიზეზებზე და პოლიტიკურ ფონზე" თქვა ჰარირიმ სატალევიზიო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საად ჰარირიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება საუდის არაბეთიდან 3 ნოემბერს გააკეთა.

საად ჰარირის თქმით მისი მკვლელობა იგეგმებოდა და მან ჰეზბოლა და მათი ირანელი მხარდამჭერები დაადანაშაულა.

შედეგად, საუდის არაბეთმა ლიბანი ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას მხრიდან აგრესია დაასახელა.

საუდის არაბეთის, ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს და საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისაკენ და ლიბანში მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდეს.

გასულ კვირას ჰარირი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა და თქვა, რომ გადადგომის გადაწყვეტილებას ლიბანში დაბრუნების და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განმარტავს.

 

კომენტარები