ლიბანი

ლიბანის გადამდგარი პრემიერმინისტრი ბეირუთში დაბრუნდა

AFP

ლიბანის გადამდგარი პრემიერმინისტრი, საად ჰარირი ბეირუთში დაბრუნდა. ჰარირის ბეირუთის აეროპორტში უსაფრთხოების ძალები დახვდნენ. ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით ჰარირის გადადგომას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ჰარირი მას პირადად შეატყობინებს. პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ერთმანეთს დღეს უნდა შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საად ჰარირიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება საუდის არაბეთიდან 3 ნოემბერს გააკეთა.

საად ჰარირის თქმით მისი მკვლელობა იგეგმებოდა და მან ჰეზბოლა და მათი ირანელი მხარდამჭერები დაადანაშაულა.

შედეგად, საუდის არაბეთმა ლიბანი ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას მხრიდან აგრესია დაასახელა.

საუდის არაბეთის, ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს და საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისაკენ და ლიბანში მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდეს.

გასულ კვირას ჰარირი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა და თქვა, რომ გადადგომის გადაწყვეტილებას ლიბანში დაბრუნების შემდეგ განმარტავს.

ჰარირიმ აეროპორტში დახვედრილ ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რა გზავნილი აქვს ლიბანელი ხალხისათვის უპასუხა: "მადლობა".

ბეირუთის აეროპორტში დაშვების შემდეგ ჰარირიმ მამის, რაფიკ ალ-ჰარირის საფლავი მოინახულა და ილოცა. ლიბანის ყოფილი პრემიერმინისტრი და საად ჰარირის მამა 2005 წელს მანქანაში ააფეთქეს.

კომენტარები