ვანო მერაბიშვილის საქმე

სტრასბურგის სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოიტანს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

ინფორმაცია სასამართლომ დღეს გაავრცელა. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკვშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან.

სტრასბურგი მიუთითებს, რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

რამდენიმე თვეში, 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. 28 ნოემბერს სწორედ აპელაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდება.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები