საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი დაკავებულ პრინცებს თავისუფლების სანაცვლოდ ქონების გადაცემას სთხოვს

arabianbusiness

საუდის არაბეთის მმართველობა კორუფციის ბრლდებით დაკავებულ პრინცებთან და ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. გავრცელებული ცნობით მათ თავისუფლების სანაცვლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ქონების 70%-ის მთავრობისთვის გადაცემას სთავაზობენ.

ზოგიერთი მოსაზრებით მსგავსი პოლიტიკით საუდის არაბეთი ნავთობის დაბალი ფასებით გამოწვეული ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას და 300 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხის ამოღებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში ახალმა ანტიკორუფციულმა ორგანომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს, 11 პრინცი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავა. მოულოდნელი წმენდა საუდის არაბეთში მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენციიდან ორიოდე კვირის თავზე მოხდა.

დაკავებულთა შორის არიან ალვალიდ ბინ თალალი, მილიარდერი პრინცი, რომელსაც მსხვილი ინვესტიციები აქვს მათ შორის Twitter-სა და Apple-ში, ასევე ფლობს წილებს რუპერტ მერდოკის მედია კორპორაციაში, სითიგრუპ ბანკში, Four Season-ის სასტუმროების ქსელში და სხვა, ვალიდ ალ-იბრაჰიმი - საუდის არაბეთის სატელიტური სატელევიზიო არხის Al Arabiya-ს მფლობელი და სხვები.

პრინცების და ბიზნესმენების ნაწილი დედაქალაქში, რიც კარლტონის სასტუმროში ყავთ დაკავებული.

კომენტარები