ლიბანი

ლიბანის გადამდგარი პრემიერმინისტრი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

Reuters

ლიბანის გადამდგარი პრემიერმინისტრი, საად ჰარირი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა. მათ ჰარირის გადადგომით გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრეს.

ჰარირიმ უარყო, რომ რიადში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დატოვეს.

ლიბანის პრეზიდენტის თქმით ჰარირიმ მას უთხრა, რომ ქვეყანაში ოთხშაბათს დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საად ჰარირის თქმით მისი მკვლელობა იგეგმებოდა და მან ჰეზბოლა და მათი ირანელი მხარდამჭერები დაადანაშაულა.

შედეგად, საუდის არაბეთმა ლიბანი ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას მხრიდან აგრესია დაასახელა.

საუდის არაბეთის სპარსეთის ყურის საქმეთა მინისტრის, სამირ ალ-საბჰანის თქმით ლიბანის მთავრობას ისე მოექცევიან, როგორც მთავრობას, რომელმაც საუდის არაბეთს ომი გამოუცხადა. მან ლიბანის გადამდგარი პრემიერმინისტრი, საად ჰარირი და მისი ადმინისტრაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა. "არსებობენ ისინიც, ვინც შეაჩერებს [ჰეზბოლას] და აიძულებს მათ დაბრუნდნენ სამხრეთ ლიბანის გამოქვაბულებში" თქვა ალ-საბჰანმა.

საუდის არაბეთის, ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს და საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისაკენ და ლიბანში მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდეს.

ირანი ბრალდებებს უარყოფს. გასულ კვირას მაკრონი საუდის არაბეთში ჩავიდა, ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და მასთან საუბრისას ლიბანში სტაბილურობისა და ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვიზიტამდე გაკეთებულ განცხადებაში მან თქვა, რომ საუდის არაბეთის მხრიდან ირანის მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადებები მოისმინა და რომ ეს განცხადებები მის პირად მოსაზრებებს არ ემთხვევა. "მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ ყველასთან" თქვა მან.

კომენტარები