მუქარა ტაბულას ჟურნალისტებზე

ტაბულას ჟურნალისტებისადმი მუქარის გამო, პროკურატურამ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო

ტაბულას ოფისში შემოჭრის და მუქარის გამო, მოქალაქე გოჩა მაისურაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. 

დღეს, დღის პირველ ნახევარში, ტაბულას ოფისში მოვიდა მამაკაცი, რომელმაც იკითხა, თუ რა ორგანიზაცია იყო აქ და რატომ ხედავდა ჩვენი ოფისის აივანზე ლევან სუთიძეს, რომელიც ტაბულას ჟურნალისტი და გადაცემის "საუბარი რელიგიაზე" წამყვანია. 

მას შემდეგ, რაც მას უთხრეს, რომ ტაბულას ოფისია, მამაკაცმა თქვა, რომ თუკი ერთი თვის ვადაში ოფისს არ დავცლით, ის ჩვენს ოფისს გადაწვავს. ამის შემდეგ, მამაკაცი ეზოში გავიდა და ჩვენი აივნის წინ ყვირილი დაიწყო. 


გოჩა მაისურაძე ამტკიცებს, რომ ომის ვეტერანი და სნაიპერია. ის დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა ტაბულას რელიგიის მიმომხილველს, ლევან სუთიძეს, უყურებს მის გადაცემებს და აკეთებდა მის პაროდიას. 

მაისურაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც დაუდასტურა, რომ თუკი ოფისს არ დავცლიდით, გადაწვავდა და "შემსრულებელი" იყო.

ლევან სუთიძეს და ტაბულას სხვა ჟურნალისტებს, მათი საქმიანობის გამო, 2016 წლის 12 იანვარს რესტორან "ჭაშნაგირში" თავს დაესხნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს, რის მოტივადაც მათი პროფესიული საქმიანობა დაასახელეს.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიტყვის, აზრის ან მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჯგუფურად ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. საქმე სასამართლოშია, თავდამსხმელები კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები