საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას ითხოვს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე მაუწყებლის შესახებ კანონს განიხილავენ. ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, რომელსაც სურს, კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდეს. 

ინიციატივას კერძო ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიები ეწინააღმდეგებიან. მათი წარმომადგენლების განცხადებით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამების განთავსების კუთხით სხვა ტელევიზიებთან თანაბარ პირობებში იქნება, მაშინ რა საჭიროა ის 50 მილიონიანი დაფინანსება, რომელსაც ის ყოველ წელს ბიუჯეტიდან იღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამების განთავსების უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც. 

„თუ თქვენ აქ არ მოგწონთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული ინფორმაცია, მე გარკვეული თვალსაზრისით ჩავთვლი, რომ ჩვენ წინ ნაბიჯი გადაგვიდგამს. იმიტომ, რომ იყო დრო, როდესაც უმრავლესობა თვითონ უკვეთდა, რა უნდა გაეშუქებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს,“ - თქვა სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი გვიმრაძემ.

გვიმრაძის ამ განცხადებას სხდომაზე კამათი მოჰყვა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ გვიმრაძეს ფრაზის განმარტება სთხოვა

"ეს რიტორიკა და ფრაზა საერთოდ საიდან დაიბადა, ძალიან მაინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო თქვენი მხრიდან, თითქოს აქ უმრავლესობას რაღაც არ მოსწონს თქვენს გადაცემებში. საერთოდ არ გვიხსენებია მსგავსი რამე და საიდან მოიტანეთ, გთხოვთ, ამაზე განმარტება გააკეთეთ. დეპუტატები ფაქტობრივად დაადანაშაულეთ რაღაცაში და თქვით, რომ მიგიღწევიათ მიზნისთვის და დაასაბუთეთ", - თქვა კობერიძემ. 

"ამხელა დაფინანსებით კომერციული რეკლამის ბაზარზე შესვლა და კერძო მაუწყებლებთან კონკურენციაში შესვლა სწორი არ იქნება და მაინცდამაინც სწორი დასაბუთება არ აქვს, რა მიზნის მიღწევა უნდა მაუწყებელს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად კომერციული ტელევიზიების საქმიანობას ზიანს არ მიაყენოს, ამის საფრთხეს უფრო ვხედავ", - თქვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო გოგუაძემ. 

ქართული ოცნების კიდევ ერთმა წევრმა, ზაზა ოქუაშვილმა კი თქვა, რომ რეკლამის მინიჭების უფლებას ჯობია, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი კიდევ რამდენიმე მილიონით გაეზარდოს, ხოლო თუ მაუწყებლის რეიტინგი კვლავ დაბალი იქნება, არხის ხელმძღვანელობა გათავისუფლდეს. 

"კვლავ პროცენტნახევარი თუ ექნებათ რეიტინგი, უნდა გავუშვათ მთლიანად", - ამბობს ოქუაშვილი. 

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით კი, კომერციული გავლენა შეიძლება პოლიტიკურ გავლენაზე დიდ საფრთხედაც იქნას აღქმული: 

"მთელი მსოფლიო უკვე კომერციულ გავლენას ებრძვის და ეს უფრო დიდ საფრთხედ აღიქმება, ვიდრე პოლიტიკური გავლენა, სხვათა შორის. საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული გავლენით შეიძლება მნიშვნელოვანი თემები დაიბლოკოს".

კომენტარები