ბიუჯეტი 2018

მთავრობა არ ასახელებს, რა თანხა დაიზოგება სამინისტროების ოპტიმიზაციით

ტაბულა

ოთხი უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, ესენია გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. 

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია - თუ არსებობს წინასწარი გათვლები, რა საბიუჯეტო რესურსი შეიძლება დაიზოგოს სამინისტროების შერწყმით. უწყების პასუხის მიხედვით, ცვლილების ერთ-ერთი დადებითი შედეგი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება იქნება, თუმცა ამ დროისთვის, უწყებას შემცირების ზუსტი მაჩვენებლის დასახელება არ შეუძლია.

"ოპტიმიზაცია გულისხმობს როგორც სტრუქტურულ, ასევე, საკადრო ოპტიმიზაციას. ცვლილებების ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი უდნა იყოს საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაცია. სამთავრობო ცვლილებებით დაგეგმილი სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, უწყებებში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის და რეორგანიზაციის შემდეგ, იმის მიხედვით როგორ განაწილდება სტრუქტურა და განისაზღვრება უკვე კონკრეტული ფუნქციები, ცნობილი გახდება ზუსტი გათვლები და მოხდება შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტებში. მოსალოდნელია, რომ სამინისტროებში შენარჩუნდება პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტები და ძირითადად შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები", - პასუხობენ სამინისტროში.

რომელი სამინისტროები ერთდებიან:

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი. მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუსმიშვილი ინიშნება;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი (სპორტის ნაწილი) მინისტრი იქნება მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება, უწყების ხელმღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა, უწყების მინისტრად კი ინიშნება მიხეილ ჩხენკელი (თსუ-ს მოქმედი პრორექტორი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო უერთდება, უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იქნება;

რა თანხა შეიძლება დაიზოგოს: 

დეტალური მაჩვენებელი თუ რა თანხა დაიზოგება სამინისტროების შერწყმით, პარლამენტში ბიუჯეტის განახლებული ვარიანტის წარდგენისთანავე გახდება ცნობილი.

2018 წლის ბიუჯეტის არსებული (ოპტიმიზაციამდე წარდგენილი) ვარიანტის მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 42.9 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

გარემოს დაცვის სამინისტრო ორ ნაწილად იშლება, გარემოს დაცვის ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში შევა, ბუნებრივი რესურსების ნაწილი კი, ეკონომიკის სამინისტროში. ამ ფუნქციების სხვა სამინისტროებზე გადატანა ერთის მხრივ გარკვეულწილად გაზრდის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯებს, თუმცა მეორეს მხრივ, გარემოს დაცვის სამინისტროსთვის სამინისტროს სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ იმ ფუნქციების შესრულება, რასაც დღეს ეს სამინისტრო ასრულებს, იმაზე უფრო იაფი უნდა დაჯდეს, ვიდრე ეს დღეს არის. 

სავარაუდოდ, მსგავსი ეფექტი ექნება ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციების სამინისტროების სხვა უწყებებში შერწყმასაც, თუმცა ზუსტად რა თანხა დაიზოგება, ეს მხოლოდ ბიუჯეტის განახლებული პროექტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები