კატალონიის კრიზისი

პუჩემონტი და კატალონიის 4 ყოფილი მინისტრი ბელგიის სასამართლომ გაათავისუფლა

AFP/Getty

კატალონიის გაუქმებული ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩემონტი და მინისტრთა კაბინეტის 4 ყოფილი წარმომადგენელი ბელგიის სასამართლომ გარკვეული პირობებითმ გაათავისუფლა.

სასამართლოს მიერ წაყენებული პირობები შემდეგში გამოიხატება: კატალონიის ყოფილ ლიდერებს არ შეუძლიათ სპეციალური უფლების გამოთხოვის გარეშე ქვეყნის დატოვება და, ამასთან, მათი საცხოვრებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სასამართლოს. 

პუჩემონტი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი ბელგიის სამართალდამცავებს გუშინ, 5 ნოემბერს ჩაბარდნენ. ისინი მადრიდიდან ბელგიაში მაშინ გაფრინდნენ, როცა მათ მიმართ გამოძიება დაიწყო. კატალონიის გადაყენებული მთავრობის 8 ყოფილ მინისტრს კი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბერს პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, მათ 6.2 მილიონი ევროს დეპოზიტიც დაეკისრა. 

დაკავების ორდერები გამოიცა კარლეს პუჩემონტისა და 4 მინისტრის წინააღმდეგაც, თუმცა მათ ამ დროისთვის უკვე დატოვებული ჰქონდათ ქვეყანა. ისინი 15 დღის ვადაში უნდა გამოცხადდნენ ბელგიის სასამართლოში. სასამართლოს აქვს მაქსიმუმ 60 დღე იმისთვის, რომ კატალონიის ყოფილი ლიდერები ესპანეთში გაგზავნოს, თუმცა თუ ისინი არ გაასაჩივრებენ, შესაძლოა, ექსტრადიცია უფრო სწრაფად მოხდეს. 

პუჩემონტის და კატალონიის სხვა ყოფილ ლიდერებს ესპანეთის პროკურატურა ბრალს ამბოხებაში, აჯანყებისაკენ მოწოდებაში და საჯარო ფინანსების არასწორ განკარგვაში სდებს.

27 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიურმა პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის საპასუხოდაც ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის ავტონომიის მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება რახოიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთის სენატმა ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რაც ცენტრალურ მთავრობას ავტონომიის სტატუსის შეჩერების უფლებას აძლევს.

პრემიერმინისტრის განკარგულებით 21 დეკემბერს კატალონიაში რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს. დაკავების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კატაოლონიის მთავრობის ყოფილი წევრები.

კატალონიაში პოლიტიკური კრიზისი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო. 

კომენტარები