კატალონიის კრიზისი

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიელ სამართალდამცავებს ჩაბარდა

Getty

კატალონიის ავტონომიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიელ სამართალდამცავებს ჩაბარდა. ამის შესახებ ბელგიის პროკურატურის სპიკერმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან VRT-სთან განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, პუჩდემონთან ერთად პროკურატურას კიდევ 4 ყოფილი მინისტრი ჩაბარდა. ორშაბათს დაკავებულთა სასამართლო პროცესია დაგეგმილი.

პუჩდემონი ბელგიაში ესპანეთის მიერ კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერების შემდეგ გაფრინდა. მისი დაკავების განკარგულება ესპანეთის პროკურატურამ გასცა.

2 ნოემბერს პუჩდემონის ადვოკატმა განაცხადა რომ მისი კლიენტი ესპანეთისგან შორს დარჩება მანამ, სანამ ქვეყანაში ცუდი კლიმატია, თუმცა დაამატა, რომ ის როგორც ესპანურ, ისე ბელგიურ სასამართლოსთან ითანამშრომლებს.

პუჩემონტს და კატალონიის სხვა ყოფილ ლიდერებს ესპანეთის პროკურატურა ბრალს ამბოხებაში, აჯანყებისაკენ მოწოდებაში და საჯარო ფინანსების არასწორ განკარგვაში სდებს.

ესპანეთში 2 ნოემბერს კატალონიის ავტონომიის მთავრობის 8 წევრი დააკავეს.

27 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიურმა პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის საპასუხოდაც ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის ავტონომიის მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება რახოიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთის სენატმა ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რაც ცენტრალურ მთავრობას ავტონომიის სტატუსის შეჩერების უფლებას აძლევს.

პრემიერმინისტრის განკარგულებით 21 დეკემბერს კატალონიაში რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს. დაკავების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კატაოლონიის მთავრობის ყოფილი წევრები.

კატალონიაში პოლიტიკური კრიზისი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო. 

კომენტარები