კატალონიის კრიზისი

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის გადაყენებული მთავრობის 8 მინისტრი დააკავა

კატალონიის 7 მინისტრი სასამართლო პროცესისკენ მიემართება
BBC

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის გადაყენებული რეგიონული მთავრობის 8 ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურამ დაკითხვაზე მისული 9 ყოფილი მინისტრიდან 8-ის პატიმრობა მოითხოვა, ხოლო მე-9 კი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყოფილ მინისტრებს ბრალი აჯანყებაში, ხალხისთვის აჯანყებისკენ მოწოდებასა და თანხების გაფლანგვაში ედებათ. ამასთან, ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ყოფილ ლიდერებს პირობითი ვალდებულების სახით პარასკევამდე 6.2 მილიონი ევროს დეპოზიტიც დააკისრა.

ესპანეთის პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ დაკავების ორდერი კატალონიის პრეზიდენტზე კარლეს პუჩემონტსა და კიდევ 4 ყოფილ მინისტრზე გამოსცა. მათ რამდენიმე დღის წინ დატოვეს კატალონია და ამჟამად ბელგიაში იმყოფებიან. პუჩემონტის განცხადებით, ის ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად არ წასულა. 

პუჩემონტმა თავიდანვე უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე, რადგან მისივე თქმით, ამ პროცესს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. 

"ეს არის პოლიტიკური სასამართლო პროცესი, მას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი და მხოლოდ იდეების დასჯას ემსახურება," - განაცხადა მან.

პუჩემონტის თქმით ის ესპანეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მას და მის კოლეგებს სამართლიანისასამართლო პროცესის ჩატარების გარანტიას მისცემენ.

მინისტრების დაკავებას ათასობით კატალონიელის ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის ტალღა მოჰყვა.

ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიაზე პირდაპირი კონტროლი ორშაბათს გაავრცელა და გადაყენებული თანამდებობის პირები ჩაანაცვლა.

ოფიციალურმა მადრიდმა რეგიონის ავტონომია დროებით შეაჩერა და რეგიონული მთავრობის დასანიშნად არჩევნების დანიშვნას აპირებს.

კომენტარები