მეგის ქარდავას ექსტრადიცია

უგულავა: სააკაშვილის ქარდავაზე განცხადება პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოშორებაა

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მეგის ქარდავას არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის, არასწორია და „პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოშორებას“ ნიშნავს.

„ტექნიკურად შეიძლება მართლა არ იცნობდა მეგის ქარდავას, მაგრამ ეს განცხადება ხომ თავის თავში შეიცავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოშორებას? მე ვთვლი, რომ არასწორია. ცნობით არც მე არ ვიცნობ იმ ადამიანს, ბევრი გაზვიადება შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით. მე მერი ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ეს მიშას პოლიტიკური პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ ასე გვერდზე გადადგება, რომ ახალია სულ ორჯერ მყავს ნანახი და მეგის ქარდავას არ ვიცნობდი, არასწორია. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ამის მეტი უფლება მაქვს. განსხვავება ზუსტად ესაა. მე ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მე ეს მტკივა და მინდა, რომ თვითონვე გამოვასწორო. არ მჯერა, რომ ამას გამოასწორებს ქართული ოცნება, იმიტომ, რომ მან სასამართლო გამოიყენა შურისძიებისთვის და არა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის“ - თქვა გიგი უგულავამ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა 1 ნოემბერს უკრაინაში დააკავეს, ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის მისი ექსტრადაციის მოთხოვნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ქარდავას დაკავების შემდეგ, უკრაინულმა "პრავდამ" გამოაქვეყნა სტატია, სადაც ქარდავა სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლად მოიხსენია. ამის შემდეგ ექსპრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა, რომ მეგის ქარდავას პირადად არასდროს შეხვედრია და უფრო მეტიც, "მისი არსებობის შესახებ" მხოლოდ პრესის საშუალებით იცის. 

კომენტარები