მეგის ქარდავას ექსტრადიცია

გოგაძე მეგის ქარდავაზე: ექსტრადიციის პროცედურები დაწყებულია

გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძე რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ გუშინ უკრაინაში დაკავებული საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადიციის პროცედურები უკვე დაწყებულია. 

გოგაძე ამბობს, რომ ძალიან რთულია კონკრეტული თარიღის თქმა, თუ როდის მოხდება ქარდავას ექსტრადიცია ქვეყანაში. 

"ექსტრადიციის პროცედურები დაწყებულია, უკრაინულ მხარესთან აქტიურ კონტაქტზე ვართ, როგორც ჩვეულებრივ ყველა სხვა საქმეში. ვადებთან დაკავშირებით, ძალიან ძნელია და შეუძლებელია ამის წინასწარ განსაზღვრა იმიტომ, რომ მას აქვს გასაჩივრების საშუალებები. ეს პროცედურა არ არის კონკრეტულ ჩარჩოებში, რომ გინდათ თუ არა, გარკვეულ პერიოდში დამთავრდეს. იმედი გვაქვს ითანამშრომლებს უკრაინული მხარე ჩვენთან და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,"- ამბობს გოგაძე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა დააკავეს. ქარდავას ინტერპოლი ეძებდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, "უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად". უწყება აღნიშნავს, რომ ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, ამჟამად ქართული სასამართლოები დაუსწრებლად განიხილავს ქარდავას წინააღმდეგ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებს:

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია  საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. 

ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

კომენტარები