მეგის ქარდავას ექსტრადიცია

სააკაშვილი ქარდავაზე: არასდროს შევხვედრილვარ, პრესისგან ვიცი მისი არსებობა

neweurope.eu

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ უკრაინაში დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანზე მეგის ქარდავაზე ამბობს, რომ მას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებაც მხოლოდ პრესისგან იცის. 

ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაპოსტა, რაც უკრაინულმა "პრავდამ" დაწერა, რომ "სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი უკრაინაში დააკავეს". 

"რამდენიმე მედია და უკრაინული "პრავდა" აბსოლუტურად არასარწმუნოა. ამ "უახლოეს თანამებრძოლს" მე არასდროს შევხვედრილვარ და მხოლოდ პრესისგან ვიცი მისი არსებობის შესახებ,"- წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ კიევში დააკავეს. ქარდავას ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, "უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად". უწყება აღნიშნავს, რომ ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, ამჟამად ქართული სასამართლოები დაუსწრებლად განიხილავს ქარდავას წინააღმდეგ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებს:

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია  საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. 

ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

კომენტარები