მეგის ქარდავას ექსტრადიცია

ქარდავას ადვოკატი: კონტაქტი არ გვქონია, ექსტრადიციას კი დიდი დრო უნდა

მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი

გუშინ უკრაინაში დაპატიმრებული ქართველი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მხოლოდ ის იცის, რაც მედიის საშუალებით გავრცელდა. 

"პროცედურებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საკმაოდ მოცულობითი პროცედურებია იქ და საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს. იქ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატის ყოლა სავალდებულოა, მაგრამ ისიც კი არ ვიცი, ჰყავს თუ არა იმიტომ, რომ არანაირი ინფორმაცია ამ საკითხზე არ გამაჩნია,"- ამბობს ადვოკატი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ქარდავასთან კონტაქტი ან კონტაქტის მცდელობა, ველიჯანაშვილი პასუხობს, რომ არ ჰქონია. 

აქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა დააკავეს. ქარდავას ინტერპოლი ეძებდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, "უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად". უწყება აღნიშნავს, რომ ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, ამჟამად ქართული სასამართლოები დაუსწრებლად განიხილავს ქარდავას წინააღმდეგ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებს:

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია  საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. 

ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

კომენტარები