საკონსტიტუციო ცვლილებები

აბაშიშვილი: ტენდენციაა ჯერ ვეტოს დაძლევა, შემდეგ კი კანონში სიტყვასიტყვით ასახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის კიდევ ერთხელ დაწყებას აფასებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის მოქმედების ტენდენცია არ იცვლება - ჯერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ და შემდგომ სიტყვასიტყვით გადაწერენ ახალ ინიციატივებში იმას, რაც ამ მოტივირებულ შენიშვნებში წერია. 

"ასეა ამ შემთხვევაშიც და ამის ზუსტი მაგალითია საქართველოს ეროვნული ბანკი - სულ ცოტა ხნის წინანდელი მაგალითი, როდესაც ჯერ ვეტო ჩააგდეს, შემდეგ კი ახალ კანონპროექტში სიტყვასიტყვით გადაწერეს პრეზიდენტის მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანი არ არის საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინება, არამედ უბრალოდ ვეტოს დაძლევა", - თქვა აბაშიშვილმა

ქართული ოცნება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ე.წ ბონუსების სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლების მუხლის ჩასწორებას, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლასა და 2020 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას აპირებს.

ამ საკითხებზე მოსაზრებები პრეზიდენტსაც ქონდა. მან მმართველ გუნდს კონსტიტუციის პროექტი, მისი მესამე მოსმენით მიღების შემდეგ მოტივირებული შენიშვნებიც გაუგზავნა, რომლებიც სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა, თუმცა უმრავლესობამ ეს შენიშვნები არ გაითვალისწინა. 

ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის, ასევე დოკუმენტის საპარლამენტო განხილვების დროს იყო, თუმცა მმართველმა გუნდმა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები არ გაითვალისწინა. მათ კონსტიტუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირეს, არც ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია ასახეს.

ქვეყნის მთავარი დოკუმენტი უკვე პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი, თუმცა ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ დოკუმენტში ცვლილებები კვლავ შევა. 

კომენტარები