ე.წ ციანიდის საქმე

პროკურატურამ ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე დაკითხა

IPN

თბილისის პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილი დაკითხეს. გამოძიებამ მას შეკითხვები დახურული სასამართლო პროცესებიდან გასაჯაროებული ჩანაწერების საქმეზე დაუსვა.

“სასამართლო სხდომის ოქმთან წვდომა აქვს მხოლოდ მოსამართლეს, სხდომის მდივანს, ბრალდების და დაცვის მხარეს, ანუ იმ ხალხს, ვისაც ჰქონდა ოქმი გადაცემული. შესაბამისად ჟურნალისტებისთვის მისი მიწოდება შეეძლოთ მხოლოდ მათ. მე პროკურატურისთვის დასამალი არაფერი მქონდა, შეძლებისდაგვარად დავეხმარე ბრალდების მხარეს ჩემი ჩვენებით. მე მივეცი ჩვენება და განვუმარტე, რომ მე არავისთვის გადამიცია. უბრალოდ მიკვირს, რომ დაცვის მხარემ ჩვენება არ მისცა, ეს რას ნიშნავს, ვერ ვხსნი. განმარტეს ასე, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ, ახლა დანარჩენი თქვენ მიხვდით, რას ნიშნავს,“ - აღნიშნა ბუგიანიშვილმა.

პროკურატურამ ასევე დაკითხა სხდომის მდივანი თამთა გაჩეჩლაძეც.მისი თქმით, მან სხდომის ოქმი მხოლოდ ბრალდების და დაცვის მხარეებს გადასცა.

საქმე, რომლის წარმოებაც საგამოძიებო უწყებამ დაიწყო, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ეხება, რომელიც მან 25 ივლისს სასამართლოს დახურულ სხდომაზე სკაიპით მისცა. ჩვენების ფრაგმენტები სხვადასხვა მედიით ეტაპობრივად გავრცელდა. ასევე გავრცელდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და მეუფე დიმიტრის ჩვენებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. ჩანაწერები მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურული იყო, გიორგი მამალაძეს კი პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. 

პროკურატურაში დაკითხვაზე მამალაძის ადვოკატები და ადამიანის უფლებათა ცენტრის ის იურისტიც დაიბარეს, რომელიც დაცვის მხარს სტრასბურგში გასაგზავნი სარჩელის მომზადებაში დაეხმარა. ეკა ლომიძე მაგისტრატმა მოსამართლემ დაკითხა, დაცვის მხარემ კი ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. 

პროკურატურის მიერ წარმოებული ეს გამოძიება იურისტებისთვის საფრთხის შემცველია. რა საფრთხეებზეა საუბარი, წაიკითხეთ აქ

კომენტარები