ლარის გაუფასურება

ისტორიაში პირველად, ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა

26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარმა ევროსთან გაუფასურების რეკორდი დაამყარა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.01 ლარი ღირს, რაც დღეს მოქმედ კურსს 2.9 თეთრით აღემატება.

დღესვე ლარი დოლართან მიმართებითაც გაუფასურდა. ერთი დოლარი ახლა 2.55 ლარი ღირს, რაც წინა კურსს 1.8 თეთრით აღემატება.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სებ-ი კურსის მოკლევადიან მერყეობასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ აკეთებს.

"ზოგადად, თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, ექსპორტი კარგად იზრდება, ასევე იზრდება ფულადი გადმორიცხვები, თუმცა საგარეო შოკამდე არსებული დონისთვის კიდევ არ მიუღწევია ამას. ასევე იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები და ერთ-ერთი მათგანი არის მოლოდინები. მე ზოგადად მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ კურსთან დაკავშირებით ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია,"- ამბობს გვენეტაძე.

დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წლის 22 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარი 2.78 ლარი ღირდა.

კომენტარები