ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2017

საია თიანეთის არჩევნების შედეგებზე: ფაქტებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

Lasha Kavtaradze/Facebook.com

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, "ფაქტები ადასტურებს, რომ თიანეთში არჩევნების შედეგები ჩარევის შედეგად შეიცვალა". მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს".

ანა ნაცვლიშვილმა პროკურატურას საქმის დაინტერესებისკენ მოუწოდა.

"უნდა შეისწავლონ თუ რატომ მოხდა და კონკრეტულად ვის მიერ განხორციელდა ეს ქმედებები, რომელიც კანონმდებლობას არღვევს.” - აღნიშნა მან.

თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის თქმით კი, მისთვის ხმების დაკლება ქუცნაშვილის ინტერესში შედიოდა.

“ზაქარია ქუცნაშვილის ინტერესი ამ რაიონში არის ცალსახა, როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა ბიზნეს ინტერესები...”- განაცხადა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე 5 ხმა ბათილად ცნეს, შედეგად უბანზე თამაზ მეჭიაური იმარჯვებდა, თუმცა, მოგვიანებით საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ბიულეტენები აღადგინა, რის გამოც მეჭიაური დამარცხდა. ის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, სასამართლოსგან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ოქმების გაუქმებას და უბანზე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას ითხოვს. მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

კომენტარები