არჩევნები 2017

ქარტია: R2-ზე უდუმაშვილის გაშუქება ცდება დაბალანსებულ და ეთიკურ ჟურნალისტიკას

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის მიხედვით, ტელეკომპანია რუსთავი 2 განსაკუთრებული სიმპათიით არის გამსჭვალული ნაციონალური მოძრაობის და თბილისის მისი მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის მიმართ. კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-ზე უდუმაშვილის გაშუქების სიხშირე და პოზიტიური ტონი მიუკერძოებელი და ეთიკური ჟურნალისტიკის ფარგლებს ცდება. 

მედიამონიტორინგს ეთიკის ქარტია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტით ატარებს.

"რუსთავი 2 სამონიტორინგო არხებში ხელისუფლებას ყველაზე ხშირად და მწვავედ აკრიტიკებს. მის ეთერში ხშირია ექსკლუზიური თემები, სადაც სახელისუფლებო კორუფციის, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეა საუბარი. ის ყველაზე მეტად ერგება ე.წ. ოპოზიციური არხის კრიტერიუმებს. როგორც რაოდენობრივმა, ასევე შინაარსობრივმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ რუსთავი 2 განსაკუთრებული სიმპატიითაა განმსჭვალული ნაციონალური მოძრაობის და თბილისში მისი მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის მიმართ. ამ კანდიდატის გაშუქების ინტენსივობა და პოზიტიური ტონი ცდება მიუკერძოებელი, დაბალანსებული, ეთიკური ჟურნალისტიკის ფარგლებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

მედიამონიტორინგში ასევე პრობლემად არის დასახელებული ზაალ უდუმაშვილის, როგორც მერობის კანდიდატის, წარდგენა კურიერის სტუდიიდან. აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს გადაცემის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კურიერის ერთერთი წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ 2017 წლის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა. 

"უდუმაშვილის გარდა, მისმა თანაწამყვანმა, დიანა ჯოჯუამაც კურიერის სტუდიიდან გააჟღერა პოლიტიკური მოწოდებები. მან დადებითად დაახასიათა თანაწამყვანი და მაყურებელს ზაალ უდუმაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ზემოთ მოყვანილი მაგალითი წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან, გარდა ამისა, მაუწყებლის თანამშრომელმა, რომელიც წარმოადგენს მაუწყებელს, არ შეიძლება საჯაროდ გამოხატოს მხარდაჭერა რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ. უდუმაშვილის ქება კურიერში მეორე დღეს და შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა: „სატელევიზიო სივრცეში ყველა ეტაპზე იყო გამორჩეული. მას არაჩვეულებრივი ქარიზმა აქვს. ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულ ჟურნალისტიკაში;“ „ომშიც ვყოფილვართ და სიხარულშიც, შეუპოვარი ადამიანია [ზაალ უდუმაშვილი],“ - ამბობდა სიუჟეტში დიანა ჯოჯუა, რომელიც ამავდროულად იმ საინფორმაციო გამოშვებას უძღვებოდა, სადაც ეს სიუჟეტი გავიდა. მანვე სიუჟეტის დასრულების შემდეგ წარმატება უსურვა პირდაპირ ეთერში. უდუმაშვილის ქება სხვა გამოშვებებშიც გაგრძელდა." - წერია დღეს გამოქვყენებულ კვლევაში. 

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ასახავს 19 ივნისი - 8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს. 

ტელევიზიების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

კომენტარები