საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩემთვის, უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან რომ ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო. გიორგი მარგველაშვლის მოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხებოდა. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. 

13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო 117 ხმით დაძლია. 

კომენტარები