თავისუფლების აქტი

აუდიტი: მაღალია რისკი, რომ 2018 წლის ბიუჯეტით თავისუფლების აქტის მოთხოვნა დაირღვეს

ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, მაღალია რისკი რომ მთავრობამ 2018 წლის ბიუჯეტით დაარღვიოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნები.

აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი კრიტიკულად ახლოსაა იმ ლიმიტთან, რასაც ორგანული კანონი მთავრობას უწესებს.

საუბარია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების ჯამზე, რომელმაც თავისუფლების აქტის მიხედვით მშპ-ს 30%-იან ზღვარს არ უნდა გადააჭარბოს, თუმცა მთავრობა მომდევნო წლისთვის ამ ნიშნულს 29.9%-ზე გეგმავს. აუდიტის სამსახურის შეფასებით, მაღალია ალბათობა, რომ კანონის ეს მოთხოვნა დაირღვეს, რადგანაც გასული წლების განმავლობაში იყო ტენდენცია, რომ ბიუჯეტის ხარჯების ფაქტობრივი მიმართება მშპ-სთან იყო ყოველთვის იმაზე მეტი, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტით იყო გათვალისწინებული. აუდიტის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში მთავრობამ ეს მოთხოვნა უკვე დაარღვია, რადგანაც ბიუჯეტის ხარჯები მშპ-სთან მიმართებით 32%-ზე იყო.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

"გასული და მიმდინარე წლების ტენდენციის გათვალისწინებით განსაკუთრებით საყურადღებოა 2018 წლის პროგნოზირებული მაჩვენებელი, რომელიც წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით 29.9%-ის დონეზეა განსაზღვრული და მცირედით ჩამორჩება ორგანული კანონით დადგენილ 30.0%-იან ნიშნულს.

როგორც გასული წლების პრაქტიკამ აჩვენა, ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში ადგილი აქვს ფაქტობრივად დახარჯული თანხის დაზუსტებულ გეგმაზე გადაჭარბებას, რაც განპირობებულია მიზნობრივი გრანტებისა და პირდაპირი საინვესტიციო ჩარიცხვების ფარგლებში ათვისებული რესურსით, რამდენადაც წლის განმავლობაში პროგრამების/ქვეპროგრამების წლიური გეგმა არ მოიცავს აღნიშნული გადასახდელების გეგმურ მაჩვენებლებს. შედეგად, გარკვეული პროგრამების ფარგლებში ადგილი აქვს სახსრების ათვისებას დაზუსტებულ გეგმაზე მეტი ოდენობით.

შესაბამისად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის გარდა ადგილი აქვს წლის განმავლობაში მობილიზებული სხვა დამატებითი რესურსების ფაქტობრივ ხარჯვას, რაც 2014-2016 წლების განმავლობაში საშუალოდ მშპ-ის 0.5%-ს შეადგენდა, ამასთან, იმ ფაქტსაც, რომ პარამეტრის მოცემულ ოდენობას (29.9%) მოქნილობის სივრცე ფაქტიურად არ გააჩნია (ზღვრულ ოდენობას ჩამორჩება მხოლოდ 0.1%-ით), მნიშვნელოვნად იზრდება ორგანული კანონით დადგენილი ლიმიტის დარღვევის რისკი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების მუხლების ოდენობა ასევე იზრდება, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის "ვალდებულებების კლების" მუხლიდან ასიგნებების გადანაწილების ხარჯზე. მაგალითად, ამ წყაროდან 2016 წლის განმავლობაში ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ჯამური ოდენობა 47 მლნ ლარით გაიზარდა (2016 წლის მშპ-ის 0.14%-ით)", - წერია აუდიტის ანგარიშში.

რა არის თავისუფლების აქტი და რა უფლებას ანიჭებს ის მოსახლეობას:

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯებმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით არ უნდა გადააჭარბოს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქართულმა ოცნებამ დათქვა, რომ თავისუფლების აქტი მხოლოდ მომდევნო 12 წლის განმავლობაში იმოქმედებს, შემდეგ კი ის შესაძლოა გაუქმდეს.

კომენტარები