თავისუფლების აქტი

ვენეციის კომისიის დასკვნა გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროებაზე

ტაბულა

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას და უკვე არსებული გადასახადების დონის ზრდას რეფერენდუმი ესაჭიროება (გარდა აქციზისა). აღნიშნულ ნორმას ეკონომიკური თავისუფლების აქტი ეწოდება და ის კონსტიტუციაში 2010 წელს გაჩნდა.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის (PDF დოკუმენტი) მიხედვით, აღნიშნული ნორმა 94-დან 67-ე მუხლში გადადის, თუმცა მისი შინაარსი უცვლელია. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების დასკვნაში ერთი თავი აღნიშნულ ჩანაწერს დაუთმო. კომისიის შეფასებით, ის გარემოება, რომ კონსტიტუციის მიხედვით, გადასახადებზე რეფერენდუმის დანიშვნის უფლება მხოლოდ მთავრობას აქვს ეს პარლამენტის უფლებებს აკნინებს. კომისიის შეფასებით უმჯობესი იქნება, რომ აღნიშნულ პროცესში გაიზარდოს პარლამენტის როლი, მაგალითად, თავდაპირველად გადასახადების ზრდის საკითხზე იმსჯელოს პარლამენტმა და ამის შემდეგ თავად პარლამენტმა დანიშნოს რეფერენდუმი ამ საკითხზე.

გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა - ვენეციის კომისიის დასკვნა

კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ახალი გადასახადის შემოღებასა და არსებული გადასახადების ზედა ზღვრის აწევას რეფერენდუმი ესაჭიროება, ორგანული კანონი აწესებს გამონაკლისებს და კონსტიტუციურ ჩანაწრეს განმარატავს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება მხოლოდ მთავრობას აქვს.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის მიხედვით:

მუხლი 67 

"საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ მთავრობას. საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება."

გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნა შედარებით სამართალში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და ჩანს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი ახდენს "წარმომადგენლობის გარეშე გადასახადების დაუშვებლობის“ პრინციპის "რეფერენდუმის გარეშე გადასახადის დაუშვებლობის" პრინციპად ტრანსფორმაციას. ამას გარდა, დებულებების პროექტის მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ მთავრობის ინიცირებით და აქაც პარლამენტი ჩანს, რომ მთლიანად გამორიცხულია საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის და არსებული გადასახადის ზედა ზღვრის დაწესების პროცესიდან. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, რომ თავდაპირველად პარლამენტმა გადაწყვიტოს ახალი გადასახადის შემოღების ან არსებული გადასახადის ზედა ზღვრის აწევის საკითხი, პარლამენტის გადაწყვეტილება კი შემდგომში წარედგინოს მოსახლეობას გადაწყვეტილების მისაღებად. რეფერენდუმი შეიძლება დანიშნოს პარლამენტმა ან პრეზიდენტმა.

კომენტარები