საკონსტიტუციო ცვლილებები

დოლიძე: გვაქვს შანსი, კონსტიტუცია ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსს გადავარჩინოთ

ანა დოლიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა და განაცხადა, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოს აქვს შანსი, ვეტოს გათვალისწინებით, ქვეყნის მთავარი დოკუმენტი ერთპარტიულის სტატუსს გადაარჩინოს. 

„დღევანდელი დღე უპრეცედენტო და ისტორიული შემთხვევაა, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის დოკუმენტი. შეიძლება ითქვას, ამ მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი - ერთი არის „ქართული ოცნება“, რომლის მიერ ინიცირებული, საერთაშორისო ვალდებულებად აღებული საკითხი არის ის ხუთი საკითხი, რომელიც არის გამოყენებული პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში; მეორე არის ჩვენი ოპოზიციურ პარტიათა სპექტრი, რომელიც მრავალსაათიანი შეხვედრები, დებატის, მუშაობის, ხანდახან ცხარე კამათის შედეგად შეთანხმდა, რომ იმისათვის, რომ წინამდებარე დოკუმენტს შესძინონ თანახმობის დოკუმენტის ელფერი და გადაარჩინონ ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსს, შეუერთდნენ კონსენსუსის დოკუმენტს და თქვენს წინაშე წარმოადგინონ მოტივირებული შენიშვნები. დღევანდელი შემთხვევა უპრეცედენტოა, ვინაიდან ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო", - თქვა ანა დოლიძემ. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხს ეხება: მარგველაშვილისთვის მიუღებელია პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადება და 2020 წლის არჩევნების შერეული წესით ჩატარება, 5%-იანი ბარიერი, ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. მარგველაშვილი ასევე თვლის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი არ უნდა გაუქმდეს და ის 300-მა ხმოსანმა მხოლოდ მას შემდეგ აირჩიოს, რაც პარლამენტი ორპალატიანი გახდება (პარლამენტი ორპალატიანი მას შემდეგ გახდება, რაც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება). პრეზიდენტს შენიშვნა აქვს რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერთანაც. პრეზიდენტის პროექტით, “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით". 

მარგველაშვილმა პარლამენტს სწორედ ეს მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. 

მმართველმა გუნდმა, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო, პრეზიდენტს თავად მიმართა თხოვნით, ვეტო მხოლოდ გადაუნაწილებელი მანდატებისა და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვის ნაწილებისთვის დაედო. ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები სხვა მუხლებსაც შეეხებოდა, მმართველი გუნდი მას დაძლევდა. 

კომენტარები