ბიუჯეტი 2018

რომელი სამინისტროების ბიუჯეტს ზრდის მთავრობა ყველაზე მეტად

ტაბულა

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მთავრობა მომავალ წელს რეკორდული თანხის 12.4 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ თანხის 28% ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაა, რომელიც გაისად 112 მილიონი ლარით მეტი, 3.5 მილიარდი ლარი იქნება. აღნიშნული ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის 704 მილიონ ლარამდე გაზრდამ გამოიწვია.

2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტად, 572 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება და ის 1.83 მილიარდ ლარს აღწევს. აღნიშნული ზრდა ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება, რომელზეც 2018 წელს 0.8 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. 

ბიუჯეტის პროექტით ყველაზე მეტად 117 მილიონი ლარით ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება. 2018 წლისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 253 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, აღნიშნული შემცირება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვის დასრულებას უკავშირდება. 2017 წელს სამინისტრომ ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიები გამოისყიდა და ის ანაკლიის კონსორციუმს გადასცა.

46 მილიონი ლარით, 702 მილიონ ლარამდე მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ამ შემცირების შედეგად თავდაცვის წილი მთლიან ბიუჯეტში 5.6%-მდე შემცირდა, რაც გასული 14 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია.

რაც შეეხება მთავრობაში დასაქმებულთა ხელფასებს ის 1.39 მილიარდი ლარითაა განსაზღვრული, რაც 2017 წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტია.

წინა წლებში მთავრობის შენახვა მოსახლეობას იმაზე ძვირი უჯდებოდა, ვიდრე ეს ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტებში იყო გათვალისწინებული, რადგანაც საჯარო მოხელეები ანაზღაურებასთან ერთად პრემიებსა და დანამატებს იღებენ. მაგალითად, 2016 წელს მთავრობაში 251 მილიონი ლარის დანამატები და 67 მილიონი ლარის პრემიები გაიცა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სამინისტროებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელფასო ფონდების შემცირების/ზრდის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • მთლიანად მთავრობა - 1 397.5 მილიარდი ლარი, ზრდა 0.2%
  • პარლამენტი - 29.5 მილიონი ლარი, კლება 11%
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 7.9 მილიონი ლარი, უცვლელია
  • იუსტიციის სამინისტრო - 35.3 მილიონი ლარი, კლება 0.6%
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო - 125.8 მილიონი ლარი, ზრდა 1.1%
  • ფინანსთა სამინისტრო - 54.3 მილიონი ლარი, უცვლელია
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 7.6 მილიონი ლარი, ზრდა 0.4%
  • თავდაცვის სამინისტრო - 379.9 მილიონი ლარი, ზრდა 0.2%
  • შსს - 390 მილიონი ლარი, ზრდა 1.1%
  • სუსი - 76 მილიონი ლარი, უცვლელია
  • სდსს - 37.1 მილიონი ლარი, უცვლელია
  • განათლების სამინისტრო - 26.9 მილიონი ლარი, ზრდა 3.2% 
  • კულტურის სამინისტრო - 56.4 მილიონი ლარი, კლება 3.4%
  • ეკონომიკის სამინისტრო - 13.6 მილიონი ლარი, ზრდა 15%
  • ლტოლვილთა სამინისტრო - 4.3 მილიონი ლარი, ზრდა 0.2%
  • ჯანდაცვის სამინისტრო - 30.3 მილიონი ლარი, ზრდა 5% 
  • ენერგეტიკის სამინისტრო - 2.6 მილიონი ლარი, ზრდა 1.3%
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 22.09 მილიონი ლარი, ზრდა 0.3%
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - 19.7 მილიონი ლარი, ზრდა 8.5%
  • სპორტის სამინისტრო - 4.2 მილიონი ლარი, ზრდა 7%
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 4.6 მილიონი ლარი, უცვლელია
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 16.1 მილიონი ლარი, ზრდა 1.9%
  • ცესკო - 26.9 მილიონი ლარი, ზრდა 1.4%

რაც შეეხება სხვა გადასახადებს მთავრობა 9.47 მილიარდი ლარის მოცულობის გადასახადების აკრეფას გეგმავს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 650 მილიონი ლარით აღემატება. საგადასახადო გეგმა 2017 წლის მაჩვენებელს 7.3%-ით აღემატება.

ყველაზე მეტად, 611 მილიონი ლარით მთავრობა დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გეგმას ზრდის.

  • დღგ - 3.39 მილიარდი ლარი, ზრდა 16.1%
  • საშემოსავლო გადასახადი - 2.78 მილიარდი ლარი, ზრდა 8.1%
  • აქციზის გადასახადი - 1.45 მილიარდი ლარი, კლება 11%
  • მოგების გადასახადი - 630 მილიონი ლარი, კლება 8%
  • იმპორტის გადასახადი - 60 მილიონი ლარი, კლება 16%
  • სხვა გადასახადები (კაზინოების ლიცენზიები და სხვა) - 160 მილიონი ლარი, ზრდა 83%

(საგადასახადო შემოსავლებსა და მთლიან ბიუჯეტს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით რომ ბიუჯეტი გადასახადებთან ერთად სხვა წყაროებიდანაც ფინანსდება, ესენია გრანტები, საგარეო სესხები, შიდა ვალი პრივატიზაცია და სხვა). 2018 წელს 3.3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტია დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ ნასესხები კაპიტალი ბიუჯეტის 3.3%-ის დონეზე იქნება.

 

კომენტარები